ძირითადი თემები:
- ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები, პირველ რიგში, ქმნის
ემოციურად უსაფრთხო სივრცეს, სადაც ქალი პირველად ახერხებს
საკუთარ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარს.
ეს სივრცე ხშირად არის
პირველი ადგილი, სადაც ქალი აღარ არის თავის ტკივილთან მარტო.
ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა აქ არ არის მხოლოდ „საუბარი“, ეს არის
საკუთარი შინაგანი ბალანსის აღდგენის პროცესი.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფის წევრი ქალები თავიდან იყვნენ ჩაკეტილები და ამ შეხვედრებმა გახსნეს, კომუნიკაბელურები გახდნენ და გაძლიერდნენ, თავდაჯერებულობა შეიძინეს“,- გვითხრა შეხვედრების ფასილიტატორმა, ნინო ჭაბუკიანმა.
ეს გეგმაზომიერი გახსნილობა, ხშირად გარდატეხის წერტილად იქცევა:
- ქალი იწყებს საკუთარი შეგრძნებისა და ტკივილის სახელდებას;
- სხვისი გამოცდილების მოსმენით თანაზიარობის განცდა უჩნდება და არა სირცხვილს;
- საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნას იწყებს საკუთარი ღირებულების აღდგენით/გააზრებით.
ქალთა ჯგუფებში ეკონომიკური გაძლიერების მიმართულება არ არის მხოლოდ ტრენინგი ან ფინანსური მხარდაჭერა. ეს არის
საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერების პროცესი. როდესაც ქალი სწავლობს დაგეგმვას, ხარჯვის კონტროლს და მცირე ზომის შემოსავლის გენერირებას, ეს პირდაპირ აისახება
მისი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარზე.
„ბევრ ქალს თავდაპირველად ჰგონია, რომ „ეკონომიკური გაძლიერება“ რაღაც დიდ ბიზნესს გულისხმობს. სინამდვილეში, ეს შეიძლება ყველაზე მცირე ნაბიჯით დაიწყოს: მიქსერის გამოყენებით ტორტის მომზადება, სამხატვრო კომპლექტით საკუთარ სტილზე მუშაობა… აქ მთავარი არის ის, რომ ქალი ეკონომიკურ სარბიელზე პირველად საკუთარი სახელით გამოდის,“ - ნინო ჭაბუკიანი, ჯგუფის ფასილიტატორი.
ციფრულ გარემოში მოხვედრა ქალებისთვის ხელმისაწვდომს ხდის სახელმწიფო სერვისებზე წვდომას, სოციალური ურთიერთკავშირის შესაძლებლობასა და
ინფორმირებულობას.
„როცა ქალი პირველად შედის ონლაინ საჯარო სერვისებზე და ამას დამოუკიდებლად აკეთებს, ეს ძალიან ძლიერი მომენტია. საკუთარ შესაძლებლობაში რწმუნდება, რომ მას შეუძლია თვითონ, შუამავლების გარეშე საკუთარი საჭიროების დაკმაყოფილება,“ - ნინო ჭაბუკიანი, ჯგუფის ფასილიტატორი.
- მცირე ბიზნესის იდეების დაფინანსება
ქალები ურთიერთმხარდაჭერის ჯგუფებში ხშირად პირველად ამბობენ ხმამაღლა:
„მე მინდა მქონდეს ჩემი საქმე“.ეს ფრაზა უკვე საკუთარი ბიზნესისთვის დადებული პირველი ქვაა.
როცა ქალს გარემო აძლევს შესაძლებლობასა და დროს საკუთარ თავზე ფიქრისთვის, იდეები თავისით მოდის.
„ჩვენ მათ არ ვაძლევთ ბიზნესს. ჩვენ ვაძლევთ უსაფრთხო სივრცეს, სადაც ქალი იწყებს საკუთარი შესაძლებლობების სერიოზულად აღქმას. და აქ ხდება გარდატეხა: „მე შემიძლია → მე უკვე ვაკეთებ,“ - ნინო ჭაბუკიანი, ჯგუფის ფასილიტატორი.