09/12/2025


ეკრანის მიღმა: როგორ ვლინდება ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში?

ციფრულ სამყაროში ძალადობა ხშირად უხილავია. ის იმალება შეტყობინებებში, იოლ პასვორდებში, გაზიარებულ ლოკაციაში, სოციალურ ქსელებში, თითქოს „ზრუნვის“ სახელით დამალული კონტროლის ქვეშ.

დღეს იმაზე მეტი ქალი ხვდება ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე ამას ხმამაღლა გამოხატავენ.

მე ვმუშაობ ციფრულ კომუნიკაციების მიმართულებით. კონტენტის შექმნა და გავრცელება ჩემი მთავარი საქმიანობა და ხმაა. ეს ხმა იქამდე მქონდა, ვიდრე ერთი მოულოდნელი შეტყობინებით ყველაფერი არ გაქრა.

სამსახურის ოფიციალურ ფბ გვერდზე კონტენტს ვანთავსებდი, გენდერულ დეზინფორმაციაზე ანიმაციურ ფილმს. იმ მომენტში მივიღე გაურკვეველი სახელისგან მოთხოვნა, რომ უნდა დავუდასტურო წვდომა ჩემს ბიზნეს-გვერდზე - "Please confirm access to your business page”. უარვყავი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, მეტიც, ეს იყო „უცნაურობის“ დასაწყისი.

ისევ მივიღე შეტყობინება. ამჯერად: “you are expired”. ამ ფრაზამ ერთ წამში წამართვა წვდომა როგორც პირად, ისე სამუშაო გვერდებზე.

მოგრძო, ყინულივით სიცარიელემ დამიარა მთელს სხეულში, თითქოს ხელ-ფეხი შემიკრეს და პირზე უსქელესი, ათმაგი “სკოჩი” გადამაკრეს: ციფრული სივრცე, სადაც ვმუშაობდი, ვყვებოდი, ვმოქმედებდი გაქრა.

ეს მხოლოდ ტექნიკური პრობლემა არ იყო, ეს იყო აქამდე უცნობი ციფრული ძალადობა, რომელმაც:

– ჩემი სამუშაო ინსტრუმენტები მოშალა,
– ჩემივე ხმა ჩაახშო,
– შიშის ახალი ფორმები გამიჩინა: კოშმარები, დაუსრულებელი ფიქრი ჯარიმებზე, კონტროლზე, დაუცველობაზე.

112-ზე არ დამირეკავს, რადგან არ მქონდა იმედი, რომ კიბერუსაფრთხოებაში ვინმე დამეხმარებოდა. ერთადერთი  გამოსავალი მესახებოდა იმ ადამიანთან, ვისგანაც ვიცოდი, რომ გონივრულ, პროფესიულ დახმარებას მივიღებდი, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე გავიცანი. სწორედ მას, კიბერუსაფრთხოების ტრენერს, დავუკავშირდი.

პირადი ანგარიში აღდგა, თუმცა ორი მნიშვნელოვანი გვერდი სამუდამოდ დავკარგე: „სოციალურ მეცნიერებათა კლუბი“ — ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების ცოდნის გაღრმავების პლატფორმა და „ახალგაზრდების ხმა წყალტუბოდან“ — ჩემი საკურსო ფოტოპროექტი ფოტოგრაფიაში, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებებს ვაშუქებდი.

ამ გამოცდილებამ არ გამტეხა — მაჩვენა, რამდენად დაუცველები არიან ქალები როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ სივრცეში.

მალევე გადავაწყდი კონკურსს Women in Tech / EU–BTU მენტორშიფის პროგრამაში. იმწამიერად შევავსე აპლიკაცია, გავიარე ყველა ეტაპი და მოვიპოვე ევროკავშრის დაფინანსება 5-თვიან პროგრამაში უფასოდ მონაწილეობის მისაღებად.

დღეს უკვე სხვებს ვასწავლი, როგორ მოიქცნენ კიბერშეტევის დროს, რათა იცოდნენ თავი როგორ დაიცვან მსგავს სიტუაციაში. ხმა, რომელიც ერთხელ დამიკარგეს, ახლა სხვების ხმების გასაძლიერებლად ვიყენებ.
რა არის ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ქალთა მიმართ ძალადობა?

ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ქალთა მიმართ ძალადობა (TFVAW) არის ძალადობის ფორმა, როცა ქალებისა და გოგოების კონტროლი, დაშინება, მანიპულირება ან ზიანი ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით ხორციელდება.
ის მოიცავს:

  • ონლაინ თვალთვალს (location tracking, spyware, stalkerware);
  • ციფრულ მუქარას, შანტაჟს, დაშინებას;
  • პარტნიორის მიერ მონიტორინგს: მესენჯერები, ფოტოები, ზარები, კონტაქტები, გადაადგილება;
  • ინტიმური მასალის გავრცელების მუქარას (რეალურ ან Deepfake ვერსიებს);
  • სიძულვილის ენას და დისკრედიტაციას ონლაინ სივრცეში;
  • იდენტობის ქურდობას, ანგარიში გატეხვას;
  • ეკონომიკურ კონტროლს online ბანკინგის, ბარათების, გადარიცხვების მეშვეობით.
TFVAW არ არის „ვირტუალური“ პრობლემა, ის რეალურად ზიანს აყენებს

  • ფსიქიკურ ჯანმრთელობას,
  • სოციალურ ცხოვრებას,
  • კარიერას,
  • უსაფრთხოებას,
  • გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას.
წყარო: UNFPA Georgia
„ციფრული ძალადობის უმეტესობა არ იწყება კიბერშეტევით. იწყება მცირე, შეუმჩნეველი წვდომით. პარტნიორული კონტროლის დინამიკა დღეს ტექნოლოგიებში გადმოდის, და ეს ქალებს განსაკუთრებულად დაუცველებს ხდის. საჭიროება, პირველ რიგში, ცნობიერების ამაღლებაა. სწორედ ასე იწყება დაცვა,“ თეონა დალაქიშვილი, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის სპეციალისტი.

ტექნოლოგიები ქმნიან ძალაუფლების ახალ ტერიტორიას, და ეს ტერიტორია ქალებისთვის განსაკუთრებით დაუცველი ხდება.
📊 TFVAW: რატომ არის ეს პრობლემა მნიშვნელოვანი?
ციფრული ძალადობის მოცულობა და მასშტაბი აღმაშფოთებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შევხედავთ რა განზომილება აქვს მას გლობალურად.

გლობალური კვლევებით ირკვევა, რომ

ინტერნეტით მოსარგებლე ქალების 38%-ს

საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ონლაინ ძალადობა;

63%-ს ჰყავს ნაცნობი, რომელიც მსგავს ძალადობას გადაჰყრია;

ხოლო 85% სხვა ქალების მიმართ განხორციელებული ონლაინ ძალადობის შემთხვევების მოწმეა.

(წყარო: UNFPA Georgia, ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა | სახელმძღვანელო ტერმინები და განმარტებები, 2025)


UNFPA-ის უახლესი კვლევის მიხედვით,

მოსახლეობის 39.5% მიიჩნევს, რომ

ქმარმა/პარტნიორმა უნდა იცოდეს ქალის პირადი საყოფაცხოვრებო მოწყობილობების — მობილურისა და სოციალური ქსელების — პაროლები.

(წყარო: UNFPA Georgia, კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში, 2025)


ციფრული ძალადობა მხოლოდ ქალური გამოცდილება არაა.

ეს ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლობაა, რომ აღარავის წაართვან ხმა.

ქალთა ისტორიები

თამარი, 26 წლის — „პირადი ცხოვრება ჩუმად წამართვეს“

მისი ფრაზა იყო: „ოჯახში ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს. ნდობა ასე შენდება.“
იმ დღეს გულუბრყვილოდ მივეცი ჩემი პაროლები. იმ დღიდან უკვე იცოდა:
  • რამდენი წუთი ვიყავი ონლაინ,
  • ვის ვწერდი,
  • ვის პოსტს ვალაიქებდი.
მერე დაიწყო აკრძალვები: „ეს ფოტო არ მომწონს“, „ამ ადამიანთან აღარ იმეგობრო“, „ეს კომენტარი წაშალე“.

სიყვარულის სახელით დაიწყო და კონტროლში გადაიზარდა. ერთ დღეს მივხვდი: თავისუფლება შეიძლება უხმოდ, ყვირილის გარეშე წაგართვან.

ქეთი, 23 წლის — live location → კონტროლი

თავიდან მითხრა: „მშვიდად ვიქნები, როცა რუკაზე გხედავ.“
მერე დაიწყო: „ამ კაფეში რატომ ხარ?“, „რატომ გაქრი რუკიდან?“
ის ყველგან იყო: შეტყობინებებში, სოციალურ ქსელებში, ჩემს გადაადგილებაში.
ეს ზრუნვა აღარ იყო — ეს უკვე კონტროლი და ტყვეობა გახდა.

ლიკა, 23 წლის — Imaged-base abuse

თავიდან ყველაფერი მარტივად ჩანდა.
მომწერა: „გამომიგზავნე ფოტო, მხოლოდ ჩემთვის მექნება“.
მეგონა, რომ ეს იყო ნდობა, სიახლოვე, სიყვარული.
გავუგზავნე.
რამდენიმე თვე გავიდა და როცა ვთქვი, რომ ურთიერთობის დასრულება მინდოდა, მომწერა: „თუ წახვალ, ამ ფოტოებს ყველას ვაჩვენებ.“
ის დღეები სირცხვილსა და შიშში გავატარე, მოსვენება დავკარგე...
ყოველ ჯერზე, როცა ტელეფონი რეკავდა, მეგონა უკვე გაავრცელა.
როცა ვეღარ ვუძლებდი მეგობარს მოვუყევი და პოლიციაში დარეკვა მირჩია... მივხვდი, რომ არ უნდა შემრცხვეს....
დანაშაული არ არის ნდობა, დანაშაულია მისი გამოყენება.

ქეთი — ციფრული, ეკონომიკური ძალადობა

თავიდან მხოლოდ ონლაინ გადახდებში მეხმარებოდა.
ერთხელ მითხრა: „გადარიცხვები უფრო მარტივად რომ ვმართო, შენი ბარათის მონაცემებს ჩემთან შევინახავ.“ დავთანხმდი. ეს ხომ მხოლოდ საქმის გაამარტივებდა.
მერე ბარათის შეტყობინებები საკუთარ ტელეფონზე გადაიტანა. მალევე მივხვდი, რომ ის უკვე ყოველ შენაძენს ამოწმებდა.
მერე დაიწყო კითხვები: „ეს რატომ იყიდე? „ეს რაში დაგჭირდა?“
„ამის ყიდვა ახლა აუცილებელი იყო?“
იმ დღიდან ჩემი ფული აღარ იყო ჩემი. არჩევანის უფლება ნელ-ნელა გაქრა და ზრუნვა კონტროლად იქცა.
ყველა ამ ისტორიაში ციფრული ძალადობა არასოდეს იწყება ხმაურით. იწყება ტექნოლოგიებზე წვდომის მცირე მოთხოვნით, პაროლის გაზიარებით, „ზრუნვის“, „მხარდაჭერის“, „პრაქტიკული საჭიროების“ სახელით.

ძალადობა ტექნოლოგიების საშუალებით:
  • ამარტივებს კონტროლს,
  • აჩერებს ქალების სოციალურ და პროფესიულ ცხოვრებას,
  • ართმევს ხმას,
  • ხელს უშლის დამოუკიდებლობას,
  • ზრდის შიშს, ძალაუფლების ბალანსს და სირცხვილის მექანიზმს.
რატომ არ საუბრობენ ქალები TFVAW-ზე?

  • „დამოძღვრების“ შიში („რა გინდოდა, რატომ გაუგზავნე შენი ფოტოები?“),
  • პოლიციის მიმართ უნდობლობა,
  • ციფრული წიგნიერების ნაკლებობა,
  • სირცხვილის კულტურა.
სად ხდება TFVAW-ის გავრცელება საქართველოში განსაკუთრებით ხშირად?

  • Messenger / Telegram
  • Fake accounts
  • Tinder / dating apps
  • პატარა ქალაქებში – Viber ჯგუფები
პრევენცია: როგორ დავიცვათ თავი?

  • არასოდეს გააზიაროთ პაროლები — „ნდობა“ ≠ წვდომა
  • გამოიყენეთ 2FA
  • Live location მხოლოდ დროებით გააზიარეთ
  • ჩართეთ Lockdown Mode (iPhone) ან Safe Mode (Android) ეჭვის შემთხვევაში
  • თვეში ერთხელ malware/spying scan
  • ყოველთვის შეინახეთ მუქარების screenshot-ები
დახმარების გზამკვლევი

🆘 ვის მიმართო?

1. 112 — მუქარა, შანტაჟი, პირადი მასალის გავრცელების საფრთხე;
2. სერვისის მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები.

ციფრული ძალადობა ხშირად იწყება ჩუმად: ერთი თხოვნით, ერთი პაროლით, ერთი „მხოლოდ შემოწმებით“, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთი და იმავე მექანიზმს ემორჩილება, ძალაუფლება იქით გადადის, სადაც ტექნოლოგიებია.

ტექნოლოგიები შეიძლება იყოს კონტროლის იარაღი, მაგრამ იგივე ტექნოლოგიებს შეუძლიათ გახდნენ ჩვენი თავისუფლების ინსტრუმენტებიც.

ამ ნაშრომის მიზანია ხმა დაუბრუნოს მანიპულირებად სივრცეებს — იმ სივრცეებს, სადაც ქალების ხმას ხშირად ყველაზე მეტად ახშობენ.

ამოიცანი. ისაუბრე. იმოქმედე.



სტატია მომზადდა, ბუთქემფის - ,,ციფრულ სფეროში ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გაშუქება” - ფარგლებში.

ბუთქემფი ორგანიზებულია DataFest Tbilisi-ს მიერ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

წყაროები / References
UNFPA Georgia. „ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა | სახელმძღვანელო ტერმინები და განმარტებები“, 2025.
https://georgia.unfpa.org/ka/TFGBVglossary
UNFPA Georgia. „ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა | საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი“, 2025.
https://georgia.unfpa.org/ka/TFGBVinGeorgia?fbclid=IwY2xjawOigo1leHRuA2FlbQIxMABzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeKTP4F5BGqEJEnHL_u7gfywNqQ20r95TnmB6g0mbsy2aAaPYMR8Dy0gxlWec_aem_WdeFxMR7e_rIaZyORxTQUw
UNFPA Georgia, კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში, 2025.
https://georgia.unfpa.org/ka/IMAGESBriefGeo
Women Mentorship in Tech Programmes – Cybersecurity module
https://btu.edu.ge/en/women-mentorship-in-tech-programmes/